ქართული დელეგაცია ექვსი უნივერსიტეტიდან, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან, 2025 წლის 8-22 ნოემბერს ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის სასწავლო ვიზიტზე. ვიზიტის თემა იყო სამართლის, ტექნოლოგიებისა და კვლევის მართვის გადაკვეთა – LegalTech, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება იურიდიულ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში.
უნივერსიტეტი პროგრამას 2025 წელს ამოქმედებული სამაგისტრო კურსით „AI Policy & LegalTech“ შეუერთდა და ვიზიტი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს კურსი შეადაროს იმას, თუ როგორ ისწავლება იგივე საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პირველი კვირა ვაშინგტონში გაიარა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში – კვლევის ადმინისტრირება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში – იურიდიული სამაგისტრო პროგრამები და სამართლის, მეცნიერებისა და ინოვაციის ცენტრი; Rising for Justice-ის იურიდიული კლინიკა და საადვოკატო ფირმა Smith, Gambrell & Russell-ის ინტელექტუალური საკუთრების პრაქტიკა; მერილენდის უნივერსიტეტის ბალტიმორ-კაუნტის კამპუსში – ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა და კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტი, ასევე Francis King Carey-ის სამართლის სკოლა ბალტიმორში; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის Antonin Scalia-ს სამართლის სკოლაში – იურისტების ტექნოლოგიური მომზადება და legaltech ეროვნული უსაფრთხოების სამართალში.

მეორე კვირა ჯორჯიის შტატში ემორის უნივერსიტეტით დაიწყო – კვლევითი საქმიანობის ორგანიზება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევის განვითარებასა და ადმინისტრირებაში, შემდეგ კი ემორის სამართლის სკოლა. ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დელეგაცია დაესწრო Law, Data and Design Lab-ის კვლევით პრაქტიკუმს, სადაც სტუდენტები წარადგენენ საკუთარ კოდს, რომლითაც სისხლის სამართლის განაჩენებიდან ინფორმაციას ამოკრებენ. ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა იურიდიული ანალიტიკისა და ინოვაციის ინიციატივა და პრაქტიკული სწავლების მოდელი, ჯორჯიის უნივერსიტეტმა კი დელეგაცია მიიღო სამართლის სკოლაში, Dean Rusk-ის საერთაშორისო სამართლის ცენტრსა და ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში.
ვიზიტს ორი პირდაპირი შედეგი მოჰყვა. მომზადდა და წარდგენილ იქნა საპასუხო ვიზიტის განაცხადი, რის შედეგადაც 2026 წლის ივნისში ემორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი თბილისში ჩამოვიდა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან AI სასამართლო პრაქტიკის ბაზის თაობაზე დამყარებული კონტაქტი კი საფუძვლად დაედო წინადადებას ამ ბაზის ევროპული ფილიალის შესახებ.